ჩინეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 30 ივლისის შემდეგ რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 85 შიდა გავრცელების შედეგია, 18 კი - იმპორტირებული. 85 შემთხვევიდან 82 ხებეის პროვინციაში დაფიქსირდა, ორი კი - ლიაონინში.
ხებეის პროვინციის ქალაქ შიძიაჯუანიში, რომელიც ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად იქცა, „ლოქდაუნია“ დაწესებული. მოქალაქეებსა და ავტომობილებს ქალაქის დატოვების უფლება არ აქვთ, შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
შეზღუდვები დაწესდა ხეილუნძიანის პროვინციის ვანგკუის ოლქშიც, სადაც რვა ახალი ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა. ოლქში დღეიდან ყველა არააუცილებელი ბიზნეს ობიექტი დაიხურა, მოქალაქეებს კი ოლქის დატოვება აეკრძალათ.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან ჩინეთში კორონავირუსის 87 536 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 4 634.