ჩინეთი მზადაა ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი დაწიოს და ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები გააუმჯობესოს. როგორც Associated Press იუწყება, ამის შესახებ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძიანპინმა ქალაქ ბოაოში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.
სააგენტოს ინფორმაციით, სი ძიანპინს ფორუმზე გამოსვლისას პირდაპირ დონალდ ტრამპი არ უხსენებია და არც პოტენციურ სავაჭრო ომზე უსაუბრია, თუმცა პირობა დადო, რომ იქნებოდა პროგრესი იმ სფეროებში, რომელიც „ ამერიკის ტერიტორიაზე აღელვებთ“. კონკრეტულად კი საუბარია პეკინის საბანკო სფეროში მეტ ღიაობასა და ჩინეთის მხრიდან იმპორტის გაზრდაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პეკინის მიერ გახმოვანებული ზომები ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის შემცირებისკენ არის მიმართული.