ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.
მთავრობის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონგ ნანშანის, განცხადებით, გუანდუნიოს პროვინციაში ორ ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. გარდა ამისა, ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულია სამედიცინო პერსონალის რამდენიმე წევრი, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტზე მეტყველებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, დღემდე ვირუსის 217 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან 198 ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 22 იანვარს საგანგებო კომიტეტის სხდომის ჩატარებას გეგმავს.