ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაციის სტუმრობის შემდეგ გახდა ცნობილი. კერძოდ, როგორც საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, საუბარია, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებაზე, ხე-ტყის გადამუშავებასა და ავეჯის წარმოებაზე.ამასთან, ფონდის ინფორმაციით, ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანასა და ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ.