ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა. გადაწყვეტილება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად იყო ჩართული. მინისტრმა პირველადი ინფორმაცია, შრომის ინსპექტორებისგან ადგილზე მოისმინა, შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტრთან ერთად ჭიათურაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძეც იმყოფებოდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვიზიტამდე ეკატერინე ტიკარაძე წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, იმყოფებოდა. მინისტრმა დაღუპული მაღაროელის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.