ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულებმა ჭიათურის ის შესასვლელი გზები გადაკეტეს, საიდანაც მანგანეზით დატვირთული ავტომობილები გადაადგილდებიან. გაფიცულები მხოლოდ სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავენ. ამავდროულად 15 მაღაროელი შიმშილობას აგრძელებს. შეგახსენებთ, მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 17 მაისს დღის მეორე ნახევარში მიმართეს. მათ ღამე კარავში გაათენეს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზმა“ 17 მაისს ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა პროტესტის მონაწილეებთან, სადაც განიხილა დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა. მათი ინფორმაციით, მოთხოვნებს შორის იყო როგორც სოციალური, ასევე ეკოლოგიური საკითხები.