ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღე შედგა და რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩიც გაიმართა. საოცარი გამოვიდა შეხვედრა ლონდონის ჩელსისა და აიაქსს შორის. საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა, რომ მატჩი გახსნილი და ძალიან სანახაობრივი გამოვიდოდა. უკვე მეორე წუთზე ტამი აბრაჰამმა ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში კრისტიან პულიშიჩის მოპოვებული პენალტი ჟორჟინიომ გოლად აქცია და ანგარიში გათანაბრდა. ამის შემდეგ ამსტერდამული გუნდი ძალიან გააქტიურდა და პირველი ტაიმი საოცრად ჩაატარა. ჯერ ქუინსი პრომესმა გაიტანა, შემდეგ ზიეჩის ჯარიმა ძელს მოხვდა და კეპაზე რიკოშეტით კარში შევარდა. მეორე ტაიმი კი, ისევ ჰოლანდიელთა კარნახით დაიწყო და მალევე დონი ვან დე ბეეკმა თითქოს ყველაფერს წერტილი დაუსვა - 1:4. ჩელსიმ შეუტია, 1 გოლი გაქვითა შემდეგ კი მოხდა საოცარი რამ. ჯანლუკა როკიმ, იტალიელმა არბიტრმა, ერთ შეტევაში ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელი გააძევა და აიაქსი მოედანზე 9 კაცით დარჩა. დარჩენილ დროში ჟორჟინიომ პენალტი გამოიყენა, 74-ე წუთზე კი ჯეიმსმა საბოლოო ანგარიში 4-4 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 8 გატანილი გოლის შემდეგაც ორივე გუნდს ძალიან მაგარი ეპიზოდები ჰქონდათ, თუმცა მეტის გატანა ვერ მოხერხდა.
ძალიან მაგარი მატჩი შედგა სიგნალ იდუნა პარკზე, სადაც ადგილობრივი დორტმუნდის ბორუსია მილანის ინტერს დაუპირისპირდა. მილანელებისთვის მატჩი იდეალურად დაიწყო. პირველივე ტაიმში ორი ჩინებული კონტრშეტევა ჯერ ლაუტარო მარტინესმა, მერე მატიას ვესინომ გოლებით დაასრულეს - 0:2! შესვენების შემდეგ კი, „ინტერის“ გამართული მექანიზმი ჩამოიშალა. აჩრაფ ჰაკიმმა სხვაობა შეამცირა, იულიან ბრანდტმა გაათანაბრა, ხოლო ჰაკიმმა დუბლი გაიფორმა და ლუსიენ ფავრის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
საშინელი მატჩი ჩაატარა კატალონიის ბარსელონამ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა სახლში პრაღის სლავია მიიღო, არაერთი სახიფათო მომენტი შეუქმნა, გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და საბოლოოდ პრაღელთათვის დამსახურებული ფრე 0-0 დაფიქსირდა. ამ ჯგუფში 8 ქულით ბარსა ლიდერობს, მას დორტმუნდი მოჰყვება 7ით, ხოლო მესამე ადგილზე 4 ქულით ინტერია. ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადფგილს პრაღის სლავია 2 ქულით იკავებს.