ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური დაპირისპირებებით გრძელდება. დღეს თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე 2 მატჩი გაიმართება. დღის პირველი დაპირისპირება ლიონში შედგება, სადაც ადგილობრივი გუნდი კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს უკანასკნელად 10 წლის წინ, 2009 წელს ამავე სტადიაზე დაუპირისპირდნენ, სადაც ბარსამ დამაჯრებელად, ორი მატჩის ჯამში 6-3 მოიგო. დღევანდელ დაპირისპირებაში ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. ფრანგებს დანამდვინებით გუნდის ლიდერი ნაბილ ფეკირი ვერ დაეხმარებათ, დენაიერის და ნდომბელეს თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბარსას რიგებში ვერ ითამაშებენ არტური, სილესენი, რაფინია და ტომას ვერმაელენი. დღის მეორე დაპირისპირება ტურის ერთ-ერთ ცენტრალურად მიიჩნევა. შარშანდელი ფინალისტი, ინგლისის ლივერპული მიუნხენის ბაიერნს გაეჯიბრება. ორივე გუნდის მწვრთნელი ამ მატჩს დიდი პრობლემებით ხვდება. ლივერპულის თავკაცი იურგენ კლოპი, შეხვედრაში გომესს და ოქსლეიდ ჩემბერლენს ტრავმის გამო ვერ გამოიყენებს, ხოლო დაცვის ბურჯი ვირჯილ ვან დაიკი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია, ასევე მიკრო ტრავმა აქვს დეიან ლოვრენსაც, რომლის თამაშიც საეჭვოა. კიდევ უფრო მეტი დანაკლისი აქვს რეკორდმაისტერს. ნიკო კოვაჩს დანამდვილებით ჟერომ ბოატენგი და კორენტინ ტოლისო ტრავმების გამო არ ეყოლება, წითელი ბარათის გამო დააკლდება ტომას მიულერი, ხოლო კინგსლი კომანისა და არიენ რობენის თამაში ჯერ-ჯერობით არ გადაწყვეტილა. ორივე ფეხბურთელმა ტრავმები ბოლო დღეებში მოიშუშეს და მწვრთნელი მათი თამაშის საკითხს უშუალოდ, მატჩის წინ გადაწყვეტს.