ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო გუნდ "სოხუმის" თანამფლობელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება. როგორც თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ამ დროისთვის არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერაცია, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკაში მისი გადმოყვანა წუხელ მოხდა. ამასთან, ადვოკატი თამარ აბესაძე გამორიცხავს ბრალდებულ თემურ დათიკაშვილზე რაიმე ტიპის ფიზიკურ ზემოქმედებას და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სავარაუდოდ, მის სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება. გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი.