ჭარბი ცხიმი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის სიმსივნური პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და ღვიძლის დაავადებების განვითარების რისკს. ბევრს ჰგონია, რომ ჭარბცხიმიანობა მხოლოდ წელის გარშემოწერილობით განისაზღვრება. რეალურად ასე არ არის - ერთი შეხედვით ნორმალური აღნაგობისა და არცთუ ჭარბი წონის ზოგიერთ ადამიანს ნორმაზე მეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს ორგანიზმში. შინაგანი ცხიმოვანი ჩანართები ღვიძლის, გულის, თირკმელების გარშემო ვლინდება ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით. ცხიმს, რომელიც გარედან ჩანს, კანქვეშას უწოდებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც სხეულის მასის ჭარბი 20% აღენიშნება, იმავდროულად ჭარბი შინაგანი ანუ ვისცერული ცხიმიც აქვს. სწორედ ეს უკანაკსნელი ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, ბლოკავს არტერიებს და ზრდის არტერიულ წნევას, პროვოცირებას უწევს ანთებით რეაქციებს. შინაგანი ცხიმოვანი უჯრედები გამოიმუშავებს ანთების მარკერებს, რომლებიც ცირკულირებს სისხლში და იწვევს ქრონიკულ პათოლოგიებს, ზრდის ინსულინისა და ლეპტინის დონეს, ასევე ქალებთან ტესტოსტერონის გამომუშავებას, მაშინ როცა მამაკაცებთან, პირიქით, აქვეითებს ამ სასქესო ჰორმონის გამოყოფას.