ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ - ანდრია ჯაღმაიძე - Palitra News

ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ - ანდრია ჯაღმაიძე

2020-04-16 11:24:25+04:00

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს აღდგომის ღამეს თბილად ჩაცმისკენ მოუწოდებს, რადგან მისი ინფორმაციით, მსახურებაზე დასწრება მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ მოუწევთ.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი განმარტავს, სააღდგომო მსახურება საკარანტინო წესების მიხედვით შესრულდება და მრევლს გარეთ დგომა დასჭირდება 21:00-დან დილის 06:00 საათამდე. მისივე თქმით, ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მლოცველი მრევლი კი არ დატოვებს ტაძრის ეზოში დაკავებულ მონიშნულ ადგილებს.

"ამჯერად მოუხერხებელი იქნება ბავშვების წამოყვანაც. გთხოვთ, ასაკის ან ჯანმრთელობის კუთხით, სარისკო ჯგუფში შემავალმა ჩვენმა მრევლმა თავი შეიკავონ ღამისთევის მსახურებაზე დასწრებისაგან. ყურადღება გამოიჩინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გაკეთებული მითითებების მიმართ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შესაძლოა, შედიან რისკ ჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ დარჩით სახლში", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მსახურებაზე მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.