დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის ქალაქებში, გლოვის ნიშნად ღირსშესანიშნაობებზე განთავსებული განათებები დროებით ჩააქრეს. ნიუ-იორკში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მანჩესტერში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, განათებები მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, Empire State Building-ზე ჩააქრეს. სიბნელემ მოიცვა პარიზის ტურისტული ზონაც, სადაც ეიფელის კოშკზე განთავსებული განათებები გამოთიშეს. გლოვის ნიშნად ჩააბნელეს რომის მთავარი ღირსშესანიშნაობა - კოლიზეუმი. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში კი - ქალაქის ყველაზე ცნობილ ტბასთან მდებარე შადრევანი, დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში გაანათეს.