ბრიუსელში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ასეული მოქალაქე ქალაქის პოლიციის შენობასთან ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომელიც სამართალდამცავებმა კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დარღვევისთვის დააკავეს და დაკავებიდან დაახლოებით 1 საათში დაიღუპა.
დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს, ქუჩებში სხვადასხვა საგნები დაწვეს და პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ჩაქრობა მოკლე ხანში მოახერხეს. არეულობის დროს სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, დაშავებულია 4 პოლიციელი.
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლიდენმა ბრიუსელში განვითარებული მოვლენები დაგმო და "ყოვლად მიუღებელი" უწოდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.