გამოცემა "გარდიანის" ცნობით, ქვეყანაში მომუშავე 170-ზე მეტი ბიზნესის მფლობელები და ფირმები, ბრექსიტის განმეორებით რეფერენდუმს ემხრობიან. მათ შეადგინეს წერილი, რომლითაც ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებენ, მისცენ ხალხს იმის შანსი, რომ თავისი სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატონ.
ახალ რეფერენდუმს სიმბოლურად „ხალხის ხმა“ უწოდეს. განმეორებით რეფერენდუმზე ადრეც იყო ლაპარაკი, თუმცა, მისი აქტუალობა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმამ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე კრახი განიცადა. წერილის ავტორი ბიზნესების მიერ ბიუჯეტში შესული ყოველწლიური თანხა 100 მილიარდ სტერლინგს აღემატება. ისინი შიშობენ, რომ ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირის დატოვება, ბრიტანეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს და ბიზნესებთან ერთად, დასაქმებულებიც დაზარალდებიან.