დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს ქვეყნის პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს. თუ რას გულისხმობს მეის ალტერნატიული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც გაზეთი The Sunday Times წერს, მთავრობამ, შესაძლოა, ცალკე ორმხრივი შეთანხმება გააფორმოს ირლანდიასთან, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასაზღვრო რეჟიმის პრობლემის გადაჭრა. შეგახსენებთ, ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს სწორედ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი წარმოადგენს. ტერეზა მეის მთავრობა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი 2020 წლის ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს, ხოლო მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდია ერთიანი ევროპულ საბაზრო სივრცეში უნდა დარჩეს, რაც ლონდონში აღიქმება, როგორც თავის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა.