დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი პრემიერ ბორის ჯონსონის მოწოდებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. კენჭისყრა პარლამენტში მანამ გაიმართა, ვიდრე მისი მუშაობა რამდენიმე კვირით შეჩერდებოდა. ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას 14 ოქტომბერს განაახლებს.
კენჭისყრამდე ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ოქტომბერში ვადამდელ არჩევნებს მხარს არ დაუჭერდნენ და მოითხოვეს იმ კანონის აღსრულება, რომელიც "ბრექსითის" შეთანხმების გარეშე განხორციელებას ბლოკავს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს, ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება "ბრექსითის" შესახებ შეთანხმება მიღწეული ბრიუსელთან თუ არა. თუმცა, პარლამენტს 19 ოქტომბრამდე შეუძლია დაამტკიცოს ახალი კანონი, რომელიც ბრექსითის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.