საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ამავე კომპანიის ყოფილმა კონსულტანტმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუ“-ს, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.