ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყესა და პანტანალის ჭაობში გაჩენილი ხანძრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიას "არაპროპორციულად' აკრიტიკებენ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ სხვა კუთხეშიც ხანძარია.
"პანტანალისა და ამაზონის მიმართ არაპროპორციული კრიტიკაა. კალიფორნია ცეცხლისგან იწვის; აფრიკაში მეტი ხანძარია, ვიდრე ბრაზილიაში", - აღნიშნა ბოლსონარუმ. მისი თქმით, მთავრობა აღნიშნული პრობლემის გადაჭრას საჯარო საკუთრებაში მყოფ მიწებზე მცხოვრები პირებისთვის მიწებზე საკუთრების უფლების მიცემის ინიციატივით აპირებდა, რაც მთავრობის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაძლებელს გახდიდა.
ინიციატივა, რომლის გატანასაც კონგრესში მიმდინარე წელს ცდილობდნენ, ჩავარდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს პოზიცია, რომ ის ტყეების გაჩეხვას მისცემდა ბიძგს. ბევრი ევროპული ბრენდი ბრაზილიას ბოიკოტით დაემუქრა. ამაზონში უკანონო ფერმერებმა და მიწის გადამყიდველებმა სოფლის მეურნეობის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთებს ცეცხლი წაუკიტეს.
რაც შეეხება პანტანალის ჭაობს, აქ ფედერალური პოლიცია ხუთი ფერმერის შესახებ აწარმოებს გამოძიებას, რომლებმაც, სავარაუდოდ, ცეცხლი უკანონოდ გააჩაღეს.