ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ელჩებს დაავალა, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შვებულება არ აიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. საელჩოებს დაევალათ, სოციალური მედიის გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრები ამაზონის ტყეებში ყოველწლიურად ხდება და რომ წლევანდელი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ის ელჩები, რომლებიც შვებულებაში უკვე იმყოფებიან, სამსახურში გამოიძახეს. ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა "საერთაშორისო კრიზისი" უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედებაში დაადანაშაულა.
ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული "დიდი შვიდიანის" სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო, რა დროსაც ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.