ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის გუბერნატორმა 24-საათიანი „ლოქდაუნის“ განკარგულება გასცა, რომელიც ყველა არააუცილებელ სერვისს შეეხება. შეზღუდვების ფარგლებში მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ეკლესიები და დამკრძალავი ბიუროები ღია დარჩება, მაგრამ ყველა დანარჩენი ობიექტი, მათ შორის ბარები და რესტორნები, დაიხურება. დედაქალაქის ადგილობრივი მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასა და საავადმყოფოების გადატვირთვას უკავშირდება. Reuters-ი წერს, რომ დედაქალაქში, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ისეთივე გადატვირთულია, როგორც გასულ წელს, პანდემიის პიკის დროს და საწოლების 80% -ზე მეტი დაკავებულია. ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ შეზღუდვების დაწესებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს ბრაზილიელებს ზიანს აყენებს.