ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში კრევეტებისა და ჰომარების წარმოება აკრძალა. ამის მიზეზი ამ რეგიონის აკვატორიაში ნავთობის ჩაღვრა გახდა. შეზღუდვა მინიმუმ ორი თვის ვადით იმოქმედებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დარეგისტრირებულ მეთევზეებს, რომლებიც დაბინძურების ზონაში აწარმოებდნენ თევზჭერას, კომპენსაცია გადაეცემათ. როგორც ჩანს, ეს ზომა 60 ათასი მეთევზის მიმართ გატარდება.
ბრაზილიის გარემოს დაცვის ინსტიტუტის Ibama-ს ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის 200 პლაჟსა და 12 დაცულ ზონაში, წყლები, სადაც ზღვის კუები და ლამანტინები ბინადრობენ, ნავთობით დაბინძურდა. შედეგების ლიკვიდაციაში ქვეყნის 6 ათას 500 სამხედრო და გარემოს დამცველია ჩართული. მათი ძალისხმევით უკვე გაწმენდილია სულ ცოტა 900 ტონა ნავთობი და მისგან დაბინძურებული ქვიშა.