ბრაზილიაში გამართული 17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძელთა ნაკრებმა მოიგო. ფინალში ბრაზილიელებმა მექსიკელები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მასპინძლები 66-ე წუთზე ბრაიან გონსალესის გოლის შემდეგ აგებდნენ, მაგრამ შეხვედრის ბოლო 6 წუთში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. წონასწორობა კაიო ჟორჟემ თერთმეტმეტრიანით აღადგინა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გამარჯვების გოლი ლაზარომ შეაგდო. ეს ტურნირი ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც ყველა მატჩში გაიმარჯვა, მეოთხედ მოიგო და გამარჯვებების რაოდენობით მხოლოდ ნიგერიას ჩამორჩება, რომელსაც ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთჯერ აქვს მოგებული. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მასპინძლების ფორვარდმა გაბრიელ ვერონმა მიიღო, საუკეთესო მეკარედ კი ასევე ბრაზილიელი მატეუს დონელი დაასახელეს, რომელმაც 7 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ჰოლანდიელების თავდამსხმელი სიონტე ჰანსენი გახდა, რომელმაც ექვს გოლს სამი შედეგიანი პასიც დაუმატა.