ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა - სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
180-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლს გვიან ღამემდე ებძოდა. ღამითვე მოხერხდა ორივე კერის ლოკალიზება, თუმცა დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მეტყევეები არიან ჩართულნი. ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩა ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა.