ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობლად არის შემცირებული.შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, რთული რელიეფის მიუხედავად, კვლავ ინტენსიურად მუშაობენ. მიმდინარე სამუშაოებში, ჩართულია ვერტმფრენები,გარდა ავიაციისა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობს. ტყის მასივის მიუვალ ადგილებში, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეუფერხებლად შესაყვანად, გზის გაჭრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.