"ბორჯღალოსნებმა", რომელიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადება, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის "შევარდენზე" ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა.
მიუხედავად სიცხისა, თითქმის 2-საათიანი ვარჯიში ინტენსიური იყო და მორაგბეები სათამაშო სიტუაციებიდან კომბინაციების დახვეწაზე იმუშავეს.
ჩვენი გუნდის ვარჯიშს ტრიბუნებიდან 300-მდე ქომაგმა უყურა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს.
ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" "საუზერნ კინგსთან", 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან და 6 სექტემბერს სტუმრად, იმავე შოტლანდიასთან "მარიფილდზე" გასამართ მატჩებზე არიან კონცენტრირებულნი.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მოთამაშეების ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციებით. მათ ძალიან რთული 7-8 კვირა გაიარეს, განსაკუთრებით კი, თურქეთის შეკრების ბლოკი, სადაც ბიჭებმა საკმაოდ მძიმე ვარჯიშები ჩაატარეს. ახლა კი გადავდივართ მომზადების იმ ნაწილზე, რომელშიც თამაშის ტაქტიკურ მხარეზე ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მზადებით კმაყოფილი ვარ".განაცხადა მილტონ ჰეიკმა.