არ შეიძლება, შოტლანდია საკუთარი ნების წინააღმდეგ დაპატიმრებული იყოს გაერთიანებულ სამეფოში, - ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტერჯენმა "ბიბისის" განუცხადა. მისივე თქმით, შოტლანდიის ნაციონალური პარტის წარმატება არჩევნებში მას ანიჭებს მანდატს, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.
ნიკოლა სტერჯენმა ასევე აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონის უარი რეფერენდუმზე "ფუნდამეტურად არადემოკრატიულია", ვინაიდან მან შოტლანდიაში სრული მარცხი განიცადა და 13 მანდატიდან 7 დაკარგა.
"არ შეგიძლიათ, შოტლანდია საკუთარი ნების წინააღმდეგ დატოვოთ კავშირში. არ შეგიძლიათ, კარადაში გამოგვკეტოთ, გასაღები დაატრიალოთ და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.
შეგახსენებთ, ლონდონისგან გამოყოფის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შოტლანდიის 59 მანდატიდან 48 მოიპოვა.