2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.
"საქსტატის" ცნობით, 2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 63.9 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2017 წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე - 1.9; დასაქმების დონე კი 0.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
სტატისტიკის სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით, გაცილებით დაბალია. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.