ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია უზრუნველყოფს. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. მიზეზი ბოლნისის ორ სოფელში - გეტასა და მუშევანში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 15 ახალი შემთხვევის გამოვლენაა. დაინფიცირებული პირებიდან 8 გეტას, 7 კი მუშევანის მკვიდრია. გეტა მკაცრ თვითიზოლაციაში დღეს, დილის 6 საათიდან მოექცა, სოფელ მუშევანში კი გამკაცრებული ზომები 25 აპრილიდან მოქმედებდა.