ამერიკული კომპანია „ბოინგი“ იძულებული გახდა, თავისი ყველაზე გაყიდვადი ლაინერის „ბოინგ 737 MAX-ის“ მიწოდება შეეჩერებინა. ამის მიზეზი კი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ, საკუთარ საჰაერო სივრცეში ლაინერის ფრენების აკრძალვა გახდა. ცნობისთვის, 737 MAX-სთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიზეზი ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფა იყო, რომელმაც 157 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ბოინგი“ თვეში 52 ლაინერს აწარმოებს, აქედან უმეტესობა კი სწორედ 737 MAX-ია, რომელსაც კომპანია ქალაქ სიეტლის გარეუბანში არსებულ ქარხანაში ამზადებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიწოდების შეჩერების მიუხედავად „ბოინგი“ მოდელ 737 MAX-ის წარმოების შეჩერებას არ აპირებს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ლაინერის მიწოდების შეჩერება, კომპანიას თვეში მილიარდ 800 მილიონ - 2 მილიარდ 500 მილიონ დოლარს დააკარგვინებს. თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ როგორც კი მიწოდება განახლდება, კომპანია დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებს.