კომპანია Boeing-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ლაინერის ირანში მომხდარი კატასტროფის მიზეზებზე განცხადება გააკეთა.
Boeing-ის აქციებზე ფასმა 6 დოლარითა და 2 ცენტით მოიმატა და ერთ ერთეულზე 337 დოლარსა და 39 ცენტს მიაღწია. ეს მაშინ, როცა თეირანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს აქციებზე ფასი 4 დოლარითა და 78 ცენტით შემცირდა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი არ იყო ტექნიკური გაუმართაობა, არამედ ეს შესაძლოა, ყოფილიყო რაკეტა. ამასთან, ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.