მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. პლატფორმის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 39 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 26.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.6 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 465 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 455 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 344 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 48.8%, აშშ-ში 49.4%, დიდ ბრიტანეთში კი 56.6%.