მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 37 მილიონი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.98 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 26%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.58 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 460 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 450 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 343 მილიონი.
Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 48.2%, აშშ-ში 49.3%, დიდ ბრიტანეთში კი 56%.