ევროკავშირის მიერ შეთანხმებული ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად რუსეთი წელიწადში, დაახლოებით, 22 მლრდ დოლარის ნავთობის შემოსავალს დაკარგავს. მონაცემები სააგენტო Bloomberg-მა გამოთვალა.
აქედან, დაახლოებით, 12 მლრდ დოლარი მილსადენ „დრუჟბათი“ ჩრდილოეთ ევროპაში მიწოდებიდან, 10 მლრდ დოლარი კი საზღვაო ექსპორტის აკრძალვით დაიკარგება.
Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთი 2021 წელს თავისი მაგისტრალური მილსადენით ევროპულ გადამამუშავებელ ქარხნებს დღეში, დაახლოებით, 720 000 ბარელ ნედლ ნავთობს აწვდიდა, ხოლო ბალტიის, შავი ზღვისა და არქტიკის პორტებიდან ევროკავშირში დღეში კიდევ 1,57 მილიონი ბარელი ნავთობი იგზავნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ევროკავშირის ლიდერები რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, მილსადენებით მიწოდება ემბარგოს ქვეშ ჯერ არ მოხვდება. ემბარგო მომავალი წლის დასაწყისისთვის მისი საზღვაო იმპორტის შეწყვეტას მოიცავს, ხოლო მილსადენებით მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ აიკრძალება, რაც რამდენიმე ქვეყნის პრობლემები მოგვარდება, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.