ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააფართოვებს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ვალუტების მანიპულაციებში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. ამერიკის ფინანსთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მითითებულია ის ქვეყნები, რომლებიც ვალუტებით მანიპულაციებში არიან ეჭვმიტანილები.
სააგენტოს წყაროს ცნობით, მომდევნო კვლევაში, რომელიც ამ დღეებში უნდა გამოქვეყნდეს, ასეთი ქვეყნების რაოდენობა 20-მდეა. წინა ანგარიშში კი მათი რიცხვი 12 იყო. როგორც სააგენტო დასძენს, სიის გაფართოება იმის გამო მოხდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეცვალა ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნულ სიაში ქვეყნების შეყვანაზე ზემოქმედებს.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ახალ სიაში სავარაუდოდ, რუსეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ირლანდია, მალაიზია და ტაილანდი მოხვდებიან, რომელთაც ამერიკასთან ვაჭრობაში მაღალი პროფიციტი აქვთ. როგორც მოსალოდნელია, სიიდან ამოიღებენ ინდოეთს და სამხრეთ კორეას.