ქალებს, რომლებსაც არ ჰყავთ მამა და მზითვის არქონის გამო, ხშირ შემთხვევაში, გათხოვებას ვერ ახერხებენ, საჭირო თანხით და ნივთებით ბიზნესმენი მაჰეშ სავანი ამარაგებს. ის ყოველწლიურად უზარმაზარ საქორწინო ცერემონიალებს მართავს, სადაც ასობით წყვილი ქორწინდება. ქალაქ სურათში ერთ კვირაში 250 წყვილი დაქორწინდა, საზეიმო ცერემონიის მასპინძელი, ტრადიციულად, სავანი იყო, რომელიც ბრილიანტების ბიზნესშია ჩართული. სავანი მიიჩნევს, რომ ქალების "გასტუმრება" მზითევით ღმერთისგან დალოცვაა. ის სურათში 2012 წლიდან ყოველ წელს ახერხებს მასშტაბური ქორწინებების ცერემონიის გამართვას. ჭრელ, ეთნიკურ სამოსში ჩაცმული ასობით ქალი საკუთარ რჩეულზე სწორედ გულუხვი ბიზნესმენის დახმარებით ქორწინდება.გასულ წლებში სავანი პატარძლებს საჩუქრად ოქროსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ატანდა, მათ შორის ავეჯს, საწოლებს. თითოეული ქალი მისგან დაახლოებით 7 400 დოლარის ღირებულების საჩუქრებს იღებს, ახალი ცხოვრების დასაწყებად. ბიზნესმენი ამბობს, რომ ის "სოციალურ პასუხისმგებლობას" გრძნობს იმ უმამო ქალების მიმართ, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ქორწილისთვის საჭირო თანხის მოძიება.