თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან სასამართლომ ბიზნესმენს დამატებითი აკრძალვები დაუწესა და მას წინასწარი შეთანხმების გარეშე საზღვრის გადაკვეთა ეკრძალება. ლაურა ღაჭავასთვის 500 ათას ლარიანი გირაო შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი 2 160 955 ლარს შეადგენს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.