2020 წლის მე-4 კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი, (BCI) წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ, 18.7 პუნქტით შემცირდა და მინუს 28.6-ს გაუტოლდა. ამის შესახებ „აისეტის კვლევითი ინსტიტუტი“ ავრცელებს ანგარიშს.
მათივე ცნობით, ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ვაჭრობისა და საფინანსო სექტორის გარდა. ყველაზე დიდი შემცირება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, ინდექსის უარყოფითი ცვლილება 2020 წლის მე-4 კვარტლისთვის მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2020 წლის მე-3 კვარტლის გაუმჯობესების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმს, მინუს 41.7 პუნქტს მიაღწია.
ამასთან, გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი გაიზარდა და 2.7 პუნქტს მიაღწია. ეს გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო დიდი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. ფასების შემცირებას მხოლოდ მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორებში ელოდებიან.