ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „ბიზნესის განწყობის ინდექსის“ თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 7.3 პუნქტით გაიზარდა და 25.8-ს გაუტოლდა.
ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ ინდუსტრიებში ბიზნესის განწყობის გაუმჯობესება როგორც მიმდინარე საქმიანობის შედარებით პოზიტიურმა შეფასებამ, ისე გაუმჯობესებულმა მოლოდინებმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მომსახურების სექტორი არის ერთადერთი, სადაც ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირებულია.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 31.3-დან 42.7 პუნქტამდე გაიზარდა. ბიზნესის ოპტიმიზმი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში გაიზარდა, შემცირება კი მხოლოდ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა.
ამასთან, 2019 წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი, რომელმაც ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია.