ISET-ის კვლევის თანახმად, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსმა 29 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 11.5 პუნქტით მაღალია. კვლევაში, 59 დიდი და 152 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, მკვეთრად გაიზარდა ბიზნესის ოპტიმიზმი. მოლოდინების ინდექსი თითქმის გაორმაგდა და 63 პუნქტს მიაღწია, რაც ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ინდექსის თანახმად, მომდევნო კვარტალში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა მოელის. გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა. სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში საკუთარი პროდუქციის გასაყიდი ფასების ყველაზე დიდ ვარდნას პროგნოზირებენ. გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.