ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც „ოქროს სიის“ მონაწილე ყველა კომპანიისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 -დან 5 დღმდე შემცირდა უკვე ძალაში შევიდა. თუმცა, რა მიზეზით მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება ბიზნესი ჯერ კიდევ განმარტებას ითხოვს. შვეიცარია - საქართველოს ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტროს და პრემიერ მინისტრს განმარტების თხოვნით, რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ. „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიის, „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“, კორპორატიული დირექტორის თქმით შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადების შემცირების რეალური მიზეზი არ უთქვამს, თუმცა თვითონ ზვიად სხვიტარიძე ერთ - ერთ მთავარ სავარაუდო მიზეზად ბიუჯეტში თანხების მობილიზების აუცილებლობას ასახელებს, რაც მისი აზრით საბოლოო ჯამში ბიზნესზე მძიმედ აისახება.ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების გადავადების იმედი ჯერ კიდევ აქვთ ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. ვანო მთვარალშვილის თქმით კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის შემციორების გამო, ხარჯი გაეზრდებათ და რამდენიმე მილიონიანი კრედიტის აღება მოუწევთ, რაც მინისტრს გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაეთვალისწინებინა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის 290-ე ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიების კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა. ზემოაღნიშნული ბრძანება ასევე გავრცელდა, წინასწარ, საქონლის შემოტანამდე, დეკლარირებულ საქონელზეც, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა, და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა. ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ უკვე ამოქმედდა ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, ანუ 2019 წლის 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ბრძანების ამოქმედების თარიღად, გამოქვეყნებიდან 30-ე დღე , ანუ 2 ივლისი განისაზღვრა.