ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3 პროცენტით გაიზარდა და 21 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 10 მილიარდ 700 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,6 პროცენტით აღემატება.
"საქსტატის" ცნობით, 2018 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის; 23,6 პროცენტი - საშუალო, ხოლო 32,1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. კერძოდ, მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 39,3 პროცენტი, საშუალოზე - 25,9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 34,8 პროცენტი მოდის.