ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.6 %-ით გაიზარდა და 25 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2019 წლის მე-2 კვარტალში მისი მოცულობა 11 მილიარდ 200 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი ბრუნვის 52.3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5 % - საშუალოზე, ხოლო 27.2% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 39.5 % ვაჭრობის დარგზე მოდის. მას მოსდევს ხელოვნება, გართობა და დასვენება - 22.5%-ანი წილით, მე-3 ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 10%-იანი წილით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მშენებლობა და ტრანსპორტი და დასაწყობება ინაწილებენ შესაბამისად, 7.4 %-იანი და 5.6 %-იანი წილით.