"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მოქმედი კანონი უკვე ვრცელდება ბიზნესის ყველა იმ სფეროსა და კომპანიაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან. შესაბამისად, იქ დასაქმებული ადამიანებისთვის უსაფრთხოების გარანტიებიც უზრუნველყოფილია. ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, კანონის ყველა კომპანიასა თუ მეწარმე სუბიექტზე გავრცელება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, კანონის მათზე გავრცელებით ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს ყოველწლიურად ათასობით ლარის გაღება მოუწევს, რათა მათ შორის: ისარგებლონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურებით, სამუშაო ადგილებზე პერიოდულად აკონტროლონ გარემო ზემოქმედების ფაქტორები და უზრუნველყონ დასაქმებულები ტრენინგებით.