გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ხორვატული “ციბონა” 91:82 დაამარცხა, ჩვენებურმა კი 24 ქულა ჩააგდო და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27 წუთში 24 ქულა 4 მოხსნა 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ის მთლიანად ტურშიც მხოლოდ “იგოკეას” წევრ დანილო ანჯუშიჩს (30) ჩამორჩა. “ბუდუჩნოსტმა” სეზონი 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პოდგორიცელები ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ზაგრებულ “ცედევიტას” ეთამაშებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი სერბული გრანდები “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” იბრძოლებენ. პლეი-ოფი ორ მოგებამდეა და სტარტს 23 მარტს აიღებს.