ბიოგრაფიული ფილმი ან უბრალოდ ბაიოპიკი, როგორც მას ბოლო ათწლეულში უწოდებენ, მეტწილად ცნობილი და პოპულარული პერსონის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს მისი ცხოვრების სრულად ან ყველაზე მნიშვნელოვანი, დრამატული მოვლენების ასახვით. თუმცა, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმისგან განსხვავებით, ბაიოპიკის მიზანი არა ისტორიული ფაქტების ქრონოლოგიური განხილვა, არამედ მათ განვითარებაზე კონკრეტული პიროვნების გავლენის ხაზგასმაა. მეტიც, ზოგჯერ ავტორები სწორედ ერთი ადამიანის ცხოვრებით გადმოსცემენ მთელ ეპოქას, რითაც ერთის მხრივ, დინამიურობას მატებენ მის ბიოგრაფიას, მეორეს მხრივ, ინტერესს უღვიძებენ პუბლიკას რეალური ისტორიული მოვლენების მიმართ.