ბინების, პროდუქტებისა და წამლების ფასის, თვითღირებულებაზე 20%-ზე მეტით მომატება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სამოქალაქო მოძრაობამ „გამოდი“ (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიმართა.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, ბიზნესმენები სურვილისამებრ ხელოვნურად ზრდიან ფასს პროდუქციაზე, ეს კი, მავნებელი და საზიანოა როგორც სახელმწიფოსთვის ასევე საზოგადოების მატერიალური მდგომარეობისთვის.
შესაბამისად, წინადადების ავტორები თვლიან, რომ სახელმწიფომ კანონით უნდა დაარეგულიროს ფასები პირველად ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და სამშენებლო ბიზნესზე, რაც თვითღირებულებაზე მოგების დანამატს 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება პროდუქციას ფასი 20%-ზე მეტით მოუმატოს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.