კოვიდ-19 პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers -ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათი თქმით, წლევანდელი წელი განსხვავებულია, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკან დახია პროგრესი.
ამასთან, პანდემიის გამო სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან", - აღნიშნა ბილ გეითსმა.
ანგარიშში ასევე საუბარია იმ უარყოფით ზეგავლენაზე, რაც კორონავირუსის პანდემიამ საზოგადების ცხოვრების დონეზე მოახდინა.
"2020 წელს პანდემიის გამო 37 მილიონამდე ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ჩამოსცდა. ბოლო რამდენიმე თვეში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 7 პროცენტით გაიზარდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 68 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა", - აღნიშნულია ანგარიშში.