უესტმინსტერის სასახლის ყველაზე დიდი ზარი ბიგ-ბენი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დარეკავს. მიზეზი საათის კოშკზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებია. ბიგ-ბენი ყოველ საათში ერთხელ რეკავს. 2021 წლამდე ის შესაძლოა განსაკუთრებული მოვლენების დროს, მაგალითად, ახალი წლის ღამეს აამუშაონ.
საათის კოშკი, რომელსაც 2012 წელს დედოფლის საპატივსაცემოდ ელისაბედის კოშკი ეწოდა, ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. კოშკის მშენებლობა დაახლოებით 150 წლის წინ დასრულდა და ორ მსოფლიო ომს გადაურჩა. ბიგ-ბენი 13.7 ტონას იწონის. ციფერბლატის დიამეტრი 7 მეტრზე მეტია, ისრების სიგრძე კი 2.7 და 4.2 მეტრი. საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში ლათინური წარწერაა: „ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია“. ზარის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 29 მილიონი ფუნტი დჯდება. რესტავრაციის შემდეგ ელისაბედის კოშკზე ლიფტი დამონტაჟედბა.