"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტში მის როლზე საუბრობს. როგორც ივანიშვილი გამოცემა "ენთერფრენერთან" ინტერვიუში აცხადებს, წყალტუბოს სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მისი თქმით, მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა ექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მისივე თქმით, საინვესტიციო პაკეტი დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გამოცხადდეს. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ობიექტები გასაყიდად ცალ-ცალკე გამოვა. იმ სასტუმროებს, რომელიც არ გასხვისდება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეიძენს.