ბიძინა ივანიშვილი „ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების შეძენასაც გეგმავს. ამის შესახებ სააქციო საზოგადოება სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ განცხადება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
კერძოდ, განცხადების თანახმად, "ლაგუნა ვერეს“ განთავსებული აქციების 99.97%-ის მფლობელი აქციონერი სააქციო საზოგადოება „იუნიონი“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისგან. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად - 2020 წლის 12 იანვარი, ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად კი 3 ლარი და 62 თეთრია განსაზღვრული.
ცნობისთვის, 2007 წლის 12 ივნისს ლაგუნა ვერეს აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "იუნიონი" გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი ლაგუნა ვერეს მფლობელი. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, გარიგების დადების დროს "იუნიონის" კაპიტალი 204 მილიონ ლარს შეადგენდა, თავად "იუნიონი" კი ამ პერიოდში ქართუ ჯგუფის აქციათა 26%-ის მფლობელი იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "იუნიონის" 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძილებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის. საბოლოოდ "იუნიონი" ლაგუნა ვერეს აქციათა თითქმის სრული პაკეტის მფლობელი 2014 წლის 12 დეკემბერს, აუზის დახურვიდან 8 თვის შემდეგ გახდა.